9/20/15

ბრაუნი - Brownie ( ჯეიმს ოლივერის რეცეპტებიდან)

რა არის "brownie"?  არც მე ვიცოდი, მაგრამ 4-5 წლის წინ შემოვიდა საბერძნეთში, cupcake-თან ერთად. დამაინტერესდა და ინტერნეტში დავიწყე ძებნა.
"Brownie"-ი გამოჩნდა მე-20-ე საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში და ძალიან პოპულარული გახდა. ეს არის მშრალი ნამცხვარი საფუარის, სოდის ან სხვა მაფხვიერებელის გარეშე. მის მოსამზადებლად სულ ცოტა მასალაა საჭირო. ერთ ღრმა ჟარუნაზე ცხვება და პატარა ოთხკუთხედებად იჭრება. რძესთან ან ყავასთან ერთად მიირთმევა. მე პირადად ვანილის ნაყინთან ერთად შევექცევი და ჩემი ბიჭების საყვარელი დესერტია!!!
უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო ჯეიმს ოლივერის ვარიანტია, რომელსაც ცოტა მაფხვიერებელიც აქვს.
მასალა
360 გრ. დაფქვილი შაქარი
250 გრ.კარაქი
200 გრ. 70%-იანი შავი შოკოლადი (დატეხილი ოთხკუთხედებად)
80 გრ. კაკაო გაცრილი
65 გრ. ფქვილი (უბრალო, გაცრილი)
50 გრ. კაკალი დატეხილი ან დაჭრილი
4 ცალი დიდი კვერცხი
1 ს. კ. მაფხვიერებელი

მომზადების წესი:
გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე, 25სანტიმეტრიან  ჟარუნაზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი.
ღრმა ჭურჭელში ჩავდოთ კარაქი და შოკოლადი, დავდგათ ორთქლზე და ვურიოთ სანამ არ დადნება.  ჩავამატოთ კაკალი.
მეორე ღრმა ჭურჭელში ავურიოთ კაკაო, ფქვილი, მაფხვიერებელი და შაქარი. ჩავამატოთ შოკოლადის და კარაქის ნარევი. ავურიოთ კარგად.
ავთქვიფოთ კვერცხი და შევაზილოთ დანარჩენ მასას.
დავასხათ ქაღალდ დაფენილ ჟარუნაზე და ვაცხოთ 25'. არ გადაამეტოთ, არ უნდა გამოშრეს.  Brownie უნდა იყოს ხრაშუნა გარედან და თხევადი, წებოსებრი შიგნიდან.
დავაცალოთ გაციება და შემდეგ ფრთხილად გადავიტანოთ საჭრელ დაფაზე და პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად დავჭრათ. Brownie-იც მზადაა
გემრიელად მიირთვით!!!!


No comments:

Post a Comment