9/25/15

" ლოკოკინები"


ბებიაჩემი ლოკოკინებს ღორის ქონით ან ერბოთი აცხობდა.ბევრი ვეცადე, მაგრამ არ გამომდიოდა ის სურნელი და გემო! ამ წინებზე წავაწყდი ერთ რეცეპტს, რომელმაც ბავშვობის მოგონებები გამიცოცხლა! ადვილი, ეკონომიური და რაც მთავარია გემრიელი!
მასალა:
500 გრ. ფქვილი
2 ც. კვერცხი
4 ს.კ. ზეთი
1/2 წყლის ჭიქა შაქარი
1ჩ. კოვზი( დაბერტყილი) მარილი
7-8 გრ. მშრალი საფუარი( დროჟი)
150-200 გრ. კარაქი ან კარგი ხარისხის სპრედი( მარგარინი)
150-200 მლ. წყალი
შიგთავსი:
შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ხილის ჯემი ან სხვილად დაფქვილი კაკალი, ნუში, თხილი შეკმაზული შაქრით და მიხაკი-დარიჩნით.

მომზადების წესი:

ერთ პატარა ჯამში ჩავყაროთ საფუარი და 1ჩ.კ. შაქარი. ჩავასხათ ცოტა თბილი წყალი და ავურიოთ კარგად, საფუარი უნდა დადნეს. დავდოთ თბილ ადგილას 5-10 წუთით, სანამ ქაფს არ გაიკეთებს.

ცალკე ავიღოთ მოზრდილი, ღრმა ჭურჭელი და ჩავყაროთ: ფქვილი, შაქარი, მარილი. ავურიოთ კარგად. ჩავამატოთ გათქვეფილი კვერცხი, ზეთი, აქაფებული საფუარი და თბილი წყალი,რომელსაც ერთბაშად არ ვასხავთ(მოზელვის პროცესი გვიჩვენებს ). ცომი უნდა გამოვიდეს რბილი, ელასტიური. დავაფაროთ ცელოფანი და დავდოთ თბილ ადგილას სანამ არ აფუვდება, ცომი უნდა გაორმაგდეს.
გაფუებული ცომი გავყოთ 10 ნაწილად. დავაგორგოლავოთ ბურთულებად.


თითო ბურთულა თხლად გავაბრტყელოთ.


წავუსვათ კარაქი.


ზოლად დავადოთ შიგთავსი.


გადავახვიოთ.



ლოკოკინისებრ დავახვიოთ.


ზემოდან წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ მსხვილი შაქარი და დაფქვილი დარიჩნი.


დავალაგოთ ჟარუნაზე და შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთით.
მზად არის, გემრიელად მიირთვით!!!



9/20/15

ბრაუნი - Brownie ( ჯეიმს ოლივერის რეცეპტებიდან)

რა არის "brownie"?  არც მე ვიცოდი, მაგრამ 4-5 წლის წინ შემოვიდა საბერძნეთში, cupcake-თან ერთად. დამაინტერესდა და ინტერნეტში დავიწყე ძებნა.
"Brownie"-ი გამოჩნდა მე-20-ე საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში და ძალიან პოპულარული გახდა. ეს არის მშრალი ნამცხვარი საფუარის, სოდის ან სხვა მაფხვიერებელის გარეშე. მის მოსამზადებლად სულ ცოტა მასალაა საჭირო. ერთ ღრმა ჟარუნაზე ცხვება და პატარა ოთხკუთხედებად იჭრება. რძესთან ან ყავასთან ერთად მიირთმევა. მე პირადად ვანილის ნაყინთან ერთად შევექცევი და ჩემი ბიჭების საყვარელი დესერტია!!!
უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო ჯეიმს ოლივერის ვარიანტია, რომელსაც ცოტა მაფხვიერებელიც აქვს.
მასალა
360 გრ. დაფქვილი შაქარი
250 გრ.კარაქი
200 გრ. 70%-იანი შავი შოკოლადი (დატეხილი ოთხკუთხედებად)
80 გრ. კაკაო გაცრილი
65 გრ. ფქვილი (უბრალო, გაცრილი)
50 გრ. კაკალი დატეხილი ან დაჭრილი
4 ცალი დიდი კვერცხი
1 ს. კ. მაფხვიერებელი

მომზადების წესი:
გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე, 25სანტიმეტრიან  ჟარუნაზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი.
ღრმა ჭურჭელში ჩავდოთ კარაქი და შოკოლადი, დავდგათ ორთქლზე და ვურიოთ სანამ არ დადნება.  ჩავამატოთ კაკალი.
მეორე ღრმა ჭურჭელში ავურიოთ კაკაო, ფქვილი, მაფხვიერებელი და შაქარი. ჩავამატოთ შოკოლადის და კარაქის ნარევი. ავურიოთ კარგად.
ავთქვიფოთ კვერცხი და შევაზილოთ დანარჩენ მასას.
დავასხათ ქაღალდ დაფენილ ჟარუნაზე და ვაცხოთ 25'. არ გადაამეტოთ, არ უნდა გამოშრეს.  Brownie უნდა იყოს ხრაშუნა გარედან და თხევადი, წებოსებრი შიგნიდან.
დავაცალოთ გაციება და შემდეგ ფრთხილად გადავიტანოთ საჭრელ დაფაზე და პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად დავჭრათ. Brownie-იც მზადაა
გემრიელად მიირთვით!!!!